Lorem ipsum dolor amet, modus intellegebat duo dolorum graecis

Follow Us
  /  სხვა   /  რა იცით კოალას შესახებ?

რა იცით კოალას შესახებ?

იცით თუ არა, რომ კოალა სულაც არ მიეკუთვნება დათვისებრთა ოჯახს? კოალა ჩანთოსანთა ძუძუმწოვრების ოჯახის წევრია, ისევე როგორც კენგურუ. კოალა დათვს კი მხოლოდ იმიტომ უწოდებენ, რადგან ძალიან გავს დათვს.

სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, ჩანთოსანი ძუძუმწოვრების ნაშიერები დაბადების შემდეგ დაახლოებით 5-8 თვე დედის ჩანთაში ცხოვრობენ. ზოგ ჩანთოსან ცხოველს „გახსნილი ჩანთა“ არ აქვს, ამიტომ ნაშიერს ან ზურგზე ან მუცელზე მიმაგრებულს ატარებენ.

როდესაც პატარა კოალა იბადება, ის პატარა ლობიოს ზომისაა. პატარა კოალას არც ყურები აქვს და ვერც ხედავს, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ აცოცდეს და დედის ჩანთაში მოკალათდეს.

შვილი კოალა დედის ჩანთაში 5-6 თვის განმავლობაში ცხოვრობს.

კოალა იკვებება ევკალიპტის ფოთლებით, დღეში დაახლოებით 1 კილოგრამი ფოთლის ჭამა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ევკალიპტის ფოთლები შხამიანია, კოალას ისეთი მომნელებელი სისტემა აქვს, რომ სრულად გადაამუშავებს ფოთლებს და არ იწამლება.

ვარაუდობენ, რომ სიტყვა „კოალა“ აბორიგენების ენაზე ნიშნავდა „წყლის გარეშე.“ ეს ბუნებრივიცაა, რადგან კოალა ძალიან იშვიათად სვამს წყალს და მისთვის საჭირო ნივთირერებს ევკალიპტის ფოთლებისგან იღებს.

კოალას ძალიან ბასრი კბილები და ბრჭყალები აქვს, რაც მას ევკალიპტის უხეში ფოთლების დაღეჭვასა და ევკალიპტის ხეზე ცოცვაში ეხმარება.

დღე-ღამის განმავლობაში, კოალას შეუძლია 15 -19 საათიც კი იძინოს. რომ წარმოიდგინო, ეს დაახლოებით იგივე დროა რაც, დილით გაიღვიძო 8 საათზე, ისაუზმო, წახვიდე სკოლაში, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ წახვიდე ცურვაზე, შემდეგ მოამზადო გაკვეთილები, თუ დრო დაგრჩა ეზოშიც ითამაშო, ივახშმო. კბილებიც გამოიხეხო და დაიძინო. მთელი ამ ხნის განმავლობაში კოალას შეუძლია იძინოს, რომ ბევრი ენერგია არ დახარჯოს.

კოალა მხოლოდ ავსტრალიის კონტინენტზე ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი ადგილი ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო და უფრო მცირდება, გვალვების და ამის გამო გავრცელებული ხანძრების გამო. ასევე, უფრო მეტ ტერიტორიას ითვისებენ საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად და სულ უფრო ცოტა ადგილი რჩებათ კოალებს საცხოვრებლად. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ კოალებს და არ გავუჩეხოთ ევკალიპტის ხეები.

აბა თუ იცი სად არის ავსტრალიის კონტინენტი?

ვინ იყვნენ აბორიგენები?

რამდენი მარცვალია სიტყვაში: კო-ა-ლა?

იხილეთ დეტალურად ჩვენი შემეცნებითი სათამაშოების შესახებ: