Lorem ipsum dolor amet, modus intellegebat duo dolorum graecis

Follow Us
  /  სხვა   /  ჯანჯაფილის სახლი – რეცეპტი და თარგი

ჯანჯაფილის სახლი – რეცეპტი და თარგი

საშობაო არდადეგები ერთ-ერთი საყვარელი დროა ბავშვებისთვის, რადგან ეს დრო დასვენების გარდა, გემრიელობებთანაც არის დაკავშირებული.

ჯანჯაფილის სახლიც სწორედ ამ გემრიელობას მიეკუთვნება. გემრიელ სუნთან ერთად, მისი აწყობა და გაფორმება ბავშვებისთვის ძალიან სახალისოა, და თქვენ წარმოიდგინეთ საკმაოდ მარტივიც! მთავარია წინასწარ შეეგუოთ ფაქტს, რომ ნამცხვრის სახლის აწყობის შემდეგ, ნამდვილი სახლი კარგად დასალაგებელი შეიძლება იყოს.

მაშ ასე, დავიწყეთ – სახლისთვის დაგჭირდებათ:

სიროფი (molasses) – 85 გრ.

კარაქი – 115 გრ.

ყავისფერი შაქარი – 115 გრ.

პურის ფქვილი – 250 გრ.

დარიჩინი – 1 ს.კ.

დაფქული ჯანჯაფილი, იგივე კოჭა – 1 ს.კ.

1.5 ჩ.კ. დაფქული მიხაკი

1/8 ჩ.კ. მუსკატი (კოვზის წვერზე რაც დაეტევა)

1 ჩ.კ. სოდა

2 ს.კ. წყალი

პურის ფქვილი – 250 გრ.

მოსართავად და ასაწყობად დაგჭირდებათ:

2 ან 3 კვერცხის ცილა

შაქრის პუდრა – 300 – 400 გრ.

მარილი – დანის წვერზე რაც დაეტევა, ძალიან ცოტა

ვანილი – სურვილისამებრ, არ არის სავალდებულო

მოსართავად:ფერადი კანფეტები, ზეფირები, ქოქოსის ფანტელები, შოკოლადის წვრილი ნატეხები, ა.შ.

ჯამში ერთად მოათავსეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, შაქრის სიროფი (molasses – აკეთებენ შაქრის გადამუშავების დროს, თუმცა შეგიძლიათ თავად მოამზადოთ შაქრის სიროფი. სურათზე გამოსახული სახლი გავაკეთეთ ღია სიროფით, ამიტომაც ცომის შეფერილობაც შედარებით ღიაა – სტანდართულად ჯანჯაფილის სახლი საკმაოდ მუქია. ასევე, ხშირად იყენებენ თაფლს, თუმცა თავად არასდროს მისინჯავს და ვერ გეტყვით როგორ იმოქმედებს შედეგებზე), ყავისფერი შაქარი, დარიჩინი, მიხაკი, ჯანჯაფილი (იგივე კოჭა) და მუსკატი და 2 ს. კ ცივი წყალი. მიქსერით კარგად მოურიეთ. ცალკე, ერთმანეთში აურიეთ პურის ფქვილი და სოდა. ჯანჯაფილის მასა ერთგვაროვანი რომ გახდება, თანდათან შეურიეთ ფქვილი. თუ მიქსერით გაგიჭირდებათ განაგრძოთ მორევა, გააგრძელეთ ხელით. 

ცომი ჩადეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში მინიმუმ 30 წუთით, შეგიძლიათ მთელი ღამეც გააჩეროთ.

წინასწარ დახაზეთ სახლის ნიმუში, ან შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქვემოთ მოყვანილი თარგით,  რომელიც თავად გავაკეთე მოცემული რეცეპტისთვის: 

როდესაც ცომს გამოიღებთ მაცივრიდან, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე მანამდე, სანამ ცომი არ დარბილდება (შესაძლოა 2 საათითაც კი). შემდეგ ცომი ხელით დაამუშავიეთ და გაყავით სამ ნაწილად – 1 ნაწილი დანარჩენ ორ ნაწილზე ოდნავ დიდი უნდა იყოს.

როდესაც გამოჭრით ყველა დეტალს, შედგით ღუმელში 180 C-ზე და გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში. თუ ცომი სქელია, მაგალითად 6-7 მმ-ის სისქის, ამ შემთხვევაში 12-15 წუთი შეგიძლიათ გააჩეროთ ღუმელში, თუმცა გვერდები არ უნდა დაიბრაწოს. გამოიღეთ ნამცხვარი, საცხობ ქაღალდთან ერთად ფრთხილად დააწყვეთ მყარ ზედაპირზე და გააგრილეთ. თავდაპირველად, ნამცხვარი რბილი იქნება, ხოლო გაგრილების შემდეგ ნამცხვარი მყარი და ადვილად მსხვრევადია.

თუ გსურთ შუშიანი ფანჯრების გაკეთება, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაამტვრიოთ კანფეტები (მაგ. კოწახურის კანფეტი) და ნამსხვრევები მოათავსეთ გამოჭრილ ფორმაში:

დეტალების შესაწებებლად დაგჭირდებათ კვერცხის ცილა და შაქრის პუდრა. თუ ეკონომიურად მოიხმართ, 2 კვერცხიც საკმარისი იქნება. თუ პირველად აკეთებთ, უმჯობესია 3 კვერცხის ცილა გამოიყენოთ, რომ არ დაგაკლდეთ წებოვანი მასალა. კვერცხის ცილას დაამატეთ მარილი და გათქვიფეთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე დაახლ 3 წუთი. შემდეგ თანდათან შეურიეთ შაქრის პუდრა და განაგრძეთ მორევა მაღალ სიჩქარეზე. როდესაც მასა საკმაოდ მყარი და წებოვანი გახდება, შეგიძლიათ პუდრა აღარ დაამატოთ, თუმცა 3 კვერცხის ცილაზე დაახლოებით 400 -500 გრ. პუდრა მაინც დაგჭირდებათ.

სახლი ააწყვეთ მყარ დაფაზე. ჯერ მიამაგრეთ კედლები, კარგად რომ გაშრება და მყარი იქნება კონსტრუქცია, მხოლოდ ამის შემდეგ დაადგით სახურავი.

როდესაც კონსტრუქცია მყარი იქნება, ამის შემდეგ აქტიურად ჩართეთ ბავშვები. სახლის გარშემო ღობე შეგიძლიათ გააკეთოთ პატარა პრეტცელებით (მისაწებებლად გამოიყენეთ კვერცხის ცილის მასა), სახლის სახურავზე და კედლებზე წვრილი მოსართავით გააკეთეთ თქვენთვის სასურველი ორნამენტები (თუ ბავშვები დაგაცდიან 😉 ), ან სეგიძლიათ უბრალოდ წაუსვათ კვერცხის ცილის მასა და ბავშვებმა თავად მორთონ როგორც გაეხარდებათ.

გაგვიზიარეთ შედეგები, თქვენ რა გემრიელობებს აკეთებთ ამ ახალ წელს?

თავდაპირველად აღნიშნული რეცეპტი გამოქვეყნდა ვებ გვერდზე www.gemrieli.ge